|
სს”საქართველოს რკინიგზა” ფიზიკურ პირებს სთავაზობს, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით Online რეჟიმში, ადგილობრივი მსვლელობის სამგზავრო მატარებლებზე Visa/MasterCard პლასტიკური ბარათების მეშვეობით შეიძინოს სამგზავრო დოკუმენტები (ბილეთები).
ბილეთების შეძენის პროცედურისა და მგზავრობის განხორციელების დროს კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ სრულყოფილად გაეცნოთ სამგზავრო მატარებლებზე ინტერნეტ გაყიდვის წესებს და დაადასტუროთ მათი გაცნობა.
ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ადგილობრივი მსვლელობის სამგზავრო მატარებლებზე ყველა სახის სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთის) შეძენა ნებისმიერი მიმართულებით, როგორც სრული, ასევე საბავშვო ტარიფით. აღნიშნული სერვისი ფასიანია და დადგენილია სს”საქართველოს რკინიგზის” მიერ. სერვისის ღირებულება თითოეულ ბილეთზე შეადგენს 1 ლარს.
სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთების) შეძენა ხორციელდება Visa/MasterCard პლასტიკური ბარათების საშუალებით. გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთის) დაბრუნებისას თანხის ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ იმ პლასტიკურ ბარათზე, რომლითაც განხორციელდა ტრანზაქცია.
ყურადღება!!! ბილეთების ინტერნეტით გაყიდვისას არ ხორციელდება:
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შეღავათიანი ტარიფით სამგზავრო დოკუმენტების გაფორმება. აღნიშნულ პირებს გთხოვთ მიმართოთ საქართველოს რკინიგზის სალაროებს.
- სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთების) გაყიდვა საგარეუბნო და საერთაშორისო მსვლელობის სამგზავრო მატარებლებზე.
სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთების) შესაძენად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, შეიყვანოთ თქვენი სახელი, გვარი, პაროლი, ელ-ფოსტის, საკონტაქტო ტელეფონის და პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა მგზავრის მატარებელში დაშვებისათვის.
სამგზავრო მატარებლებზე ბილეთების გაყიდვა წარმოებს მატარებლის გასვლამდე 40 დღის განმავლობაში.
ერთი ტრანზაქციით პიროვნებას შეუძლია შეიძინოს მაქსიმუმ 8 ბილეთი.
სამგზავრო მატარებლებზე ბილეთების ინტერნეტ გაყიდვა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს, რომელთა წარმატებით გავლის შემდეგ მომხმარებელი ყიდულობს სამგზავრო დოკუმენტს (ბილეთს).
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რკინიგზა გთავაზობთ არსებულ ტრადიციულ ბილეთთან ერთად ისარგებლოთ ელექტრონული ბილეთით და სალაროში მიუსვლელად იმგზავროთ მატარებლით.
ელექტრონული ბილეთით მგზავრობისათვის ვაგონის გამცილებელთან წარადგინეთ ბილეთის შეძენის კოდი და ამ კოდის მფლობელი მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა.
ელექტრონული ბილეთის გაყიდვა წყდება მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლამდე 2 საათით ადრე.
ადგილების მოძებნა
სამგზავრო მატარებლებზე თავისუფალი ადგილების მოსაძებნად თანმიმდევრობით შეიყვანეთ ველებში მითითებული ინფორმაცია:
- აირჩიე როგორი სახის ბილეთით მგზავრობა გსურთ - ელექტრონული ბილეთით თუ სამგზავრო დოკუმენტით (ბილეთით). რისთვისაც შესაბამის ფანჯარაში აკეთებთ აღნიშვნას.
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მგზავრობის თარიღი. გასვლის თარიღად ითვლება მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლის დრო.
- შეიყვანეთ გამგზავრების და დანიშნულების სადგურები.
- მიუთითეთ სრული ადგილების რაოდენობა. სრული ადგილებით სარგებლობა შეუძლიათ 10 წლისა და მეტი ასაკის მგზავრებს.
- მიუთითეთ საბავშვო ადგილების რაოდენობა. საბავშვო ბილეთი გაიცემა 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ბილეთის გაფორმების დროს აუცილებლად უნდა შეავსოთ დაბადების მოწმობის ან პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები.
მგზავრთან ერთად უფასოდ შეიძლება მგზავრობდეს 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს.
5 წლამდე ასაკის ბავშვისათვის ცალკე ადგილის დასაკავებლად აუცილებელია შესაბამისი საბავშვო ტარიფით გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) შეძენა.
მგზავრთან ერთად 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვის მგზავრობისას, აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისათვის, აუცილებელია საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა.
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვი მგზავრობს მოზრდილთთავის დადგენილი წესით.
- აირჩიეთ ვაგონის რანგი - მოდერნიზებული ან არამოდერნიზებული. მატარებლის შემადგენლობაში ჩართული ვაგონის რანგის შესახებ ინფორმაციისათვის ისარგებლეთ მატარებლების განრიგით.
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაგონის კლასი.
დღის ჩქარ და ელექტრო-მატარებლებზე - მოძრაობაშია მხოლოდ პლაცკარტი საჯდომ- სავარძლიანი ვაგონები (40-დან 60 ადგილამდე ვაგონში) ანუ ვაგონის კლასის არჩევისას უნდა მონიშნოთ ”პლაცკარტი”.
ღამის სამგზავრო მატარებლებზე შემადგენლობაში ჩართულია ოთხივე კლასის ვაგონები ”საერთო”, ”პლაცკარტი”, ”კუპირებული”, ”რბილი”. შემადგენლობაში ჩართული ვაგონების კლასის და ფასის შესახებ ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მატარებლების განრიგით.თუ თქვენთვის სასურველ ვაგონის კლასზე არ არის ადგილები, ან/და არ გაქვთ გადაწყვეტილი რომლით იმგზავროთ, მონიშნეთ ”ყველა”. სისტემა მოგაწვდით თქვენთვის სასურველ მარშრუტზე გამავალ ყველა მატარებელზე არსებულ თავისუფალ ადგილებს ვაგონის კლასების მიხედვით.
ღამის სამგზავრო მატარებლებზე შემადგენლობაში ჩართულია ოთხივე კლასის ვაგონი:
- საერთო - საჯდომ-სავარძლიანი. ვაგონში განთავსებულია 60 ან 81 ადგილი.
- პლაცკარტი - საწოლ-ადგილიანი. ვაგონში განთავსებულია 54 ადგილი.
- კუპირებული - 4 საწოლ-ადგილიანი. ვაგონში განთავსებულია 9 კუპე. თითოეულ კუპეში 4 დასაწოლი ადგილით.
- რბილი - 2 საწოლ-ადგილიანი. ვაგონში განთავსებულია 9 კუპე, თითოეულ კუპეში 2 დასაწოლი ადგილით.
- ადგილების ერთ კუპეში მოსაძებნად მონიშნეთ ”ერთ კუპეში”
სასურველი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ”ძებნა”. სისტემა მოგაწვდით თქვენთვის სასურველ მარშრუტზე, არსებულ თავისუფალ ადგილებს, მატარებლის ნომრის, მატარებლის დასახელების, ვაგონის რანგის, ვაგონისა და ადგილების ნომრების, სადგურიდან გასვლის და ჩასვლის თარიღისა და დროის მითითებით, მითითებული პარამეტრების შედეგად ფორმირებული ადგილების სრული საფასურის მიხედვით.
აირჩიეთ სასურველი მატარებელი და გაააქტიურეთ. მატარებლის ასარჩევად მოცემულია 1 წუთი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ადგილების ძებნა უნდა განახორციელოთ თავიდან.
მატარებლის არჩევის შემდეგ გეძლევათ 10 წუთი მგზავრების შესახებ ინფორმაციის შესაყვანად და ტრანზაქციის განსახორციელებლად.
მგზავრების შესახებ ინფორმაციის შეყვანა
მგზავრების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. ყურადღება მიაქციეთ გვარის, სახელისა და პირადი ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა მგზავრის მატარებელში დასაშვებად.
დასაშვებია ერთი მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებით გაფორმდეს ყველა ბილეთი, გარდა საბავშვო ბილეთებისა. მგზავრები მატარებელში დაიშვებიან მხოლოდ იმ პიროვნების მგზავრობის შემთხვევაში, ვის სახელზეც გაფორმდა ბილეთები.
ბილეთი საბავშვო ტარიფით გაიცემა 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ბილეთის გაფორმების დროს აუცილებლად უნდა შეავსოთ ბავშვის დაბადების ან პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები.
მგზავრობის საფასურის გადახდა
სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) შეძენა ხორციელდება Visa/MasterCard პლასტიკური ბარათების საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ბანკი განახორციელებს თანხის ტრანზაქციას.
ტრანზაქციის განსახორციელებლად გაიარეთ ბანკის მიერ შემოთავაზებული პროცედურები.
რანზაქციის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მოგეცემათ ინფორმაცია შეძენილი ბილეთების შესახებ, მატარებლის ნომრის, დასახელების, გამგზავრების, დანიშნულების სადგურების და დროის, მგზავრების ინფორმაციიისა და ბილეთის შეძენის კოდის მითითებით.
თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან დაიმახსოვროთ მოცემული ინფორმაცია. ასევე შეტყობინებას მიიღებთ თქვენს ელ-ფოსტაზე.
მგზავრობა
ელექტრონული ბილეთით მგზავრობისათვის ვაგონის გამცილებელთან წარადგინეთ ბილეთის შეძენის კოდი და მგზავრების პიროვნების დამადასტურებელ მოწმობა.
სამგზავრო დოკუმენტით (ბილეთით) მგზავრობისათვის საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროში წარადგენთ ბილეთის შეძენის კოდს და იმ პიროვნების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, რომლის სახელზეც არის გამოწერილი სამგზავრო დოკუმენტი და მინიჭებულია კოდი. ამ მონაცემების საფუძველზე სალაროში გაფორმდება ოფიციალური სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი).
საბილეთო სალაროებში ბილეთების გაცემა წყდება მატარებლის გასვლამდე 10 წუთით ადრე. გთხოვთ, დროულად მიბრძანდეთ საბილეთო სალაროებში სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთების) ასაღებად.
აუცილებელი პირობაა: პიროვნება, რომელზეც გაფორმებულია დანარჩენი მგზავრების ბილეთები, იმყოფებოდეს მატარებელში ჩასხდომის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრები არ დაიშვებიან მატარებელში.
მგზავრს უფლება აქვს მგზავრობისას თან იქონიოს არა უმეტეს 36 კგ ხელბარგისა (სრული და საბავშვო სამგზავრო დოკუმენტებზე).
ბილეთების დაბრუნება
ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია, როგორც სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთების) ინტერნეტ გაყიდვის ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროში.
თუ თქვენ უკვე გადაცვალეთ ბილეთის შესყიდვის კოდი სამგზავრო დოკუმენტში, დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ქვემოთ მითითებულ ვადებში, საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში.
თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია:
- არანაკლებ 15 საათისა – მგზავრს ექვითება მგზავრობის ღირებულების 0%
- 15 სთ-ზე ნაკლები დრო – 15%
- 4 სთ-ზე ნაკლები დრო – 30%
- მატარებლის გასვლის შემდეგ 3 საათის განმავლობაში - 30%
- მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა სერვისის ღირებულების გარეშე
ბილეთის დაბრუნებისათვის აირჩიეთ მენიუ „შეძენილი ბილეთები“, ღილაკით + ჩამოშალეთ შეძენილი ბილეთების ისტორია და შემდეგ ღილაკზე დაჭერით დაადასტურეთ ბილეთის დაბრუნება, მოქმედი წესების მიხედვით ბარათზე დაგიბრუნდებათ შესაბამისი თანხა, რაც აისახება შეძენილი ბილეთების ისტორიის თანხის ველში.
ყურადღება !!! ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის გასვლამდე 2 საათით ადრე. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ელექტრონული ბილეთი არ ბრუნდება.
საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროში ბილეთის შეძენის კოდის ან გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ პიროვნების მიერ, ვისზეც გაფორმებულია სამგზავრო დოკუმენტი, შესაბამისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
|